მართალია, მოდის ინდუსტრიამ ერთგვარ კულტად აქცია ახალგაზრდობა და ქალბატონებს დადგენილ სტანდარტებთან ერთად მუდმივად ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაზე აიძულა ზრუნვა, მაგრამ უნიკალურ გამონაკლისად იქცა აირის აპფელი, რომელიც ყოველთვის ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდა და არასდროს ითვალისწინებდა საზოგადოდ მიღებულ ნორმებს.
წითელი ტუჩსაცხი და უზარმაზარი მრგვალი სათვალე შავ ჩარჩოში, კაშკაშა ფერის სამაჯურები რამდენიმე მწკრივად და მარაბუს ბუმბულის ნარინჯისფერი ქურქი - სწორედ ამგვარი იმიჯით გაითქვა სახელი მოდელიორმა, ინტერიერის დიზაინერმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა აირის აპფელმა, რომელიც სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღემდე თავდაუზოგავად ებრძვის მოძველებულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს.
აპფელს, რომელმაც საკუთარი სამოსით შექმნა ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, არასდროს აფრთხობდა რისკი და ყოველთვის თამამად უხამებდა ძვირადღირებულ მოდელებს ძველმანების ბაზრობაზე მოძიებულ ტანსაცმელს, ორიგინალური, ხშირად პროვოკაციული აქსესუარებით კი, დღემდე აოცებს და თვალს ჭრის პუბლიკას, რადგან სჯერა, რომ სწორედ ხასხასა ფერების წყალობით ინარჩუნებენ ქალები ბუნებრივ მომხიბვლელობასა და ახალგაზრდობას.
მართალია, 2021 წელს აპფელმა 100 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ საოცრად ხალისიანი, ენთუზიაზმით სავსე ქალბატონი არც სოლიდურ ასაკს ეპუება, ძველი შემართებით აგრძელებს საქმიანობას და უნიკალური სამოსის, აქსესუარების კოლექციაზე ზრუნვას, რომლის შეგროვება თითქმის 70 წლის წინ დაიწყო.