დემნას ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა — გურამ გვასალია - Palitra News

დემნას ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა — გურამ გვასალია

2023-07-11 10:40:00+04:00

Vetements-ის აღმასრულებელმა და შემოქმედებითმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ, ახლახან New York Times-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გურამ გვასალიამ მადონასთან Vetements-ის პარტნიორობაზე ისაუბრა, შემდეგ კი თავისი ძმის, დემნას, კარიერული მიღწევებისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

სოციალურ ქსელებში გურამ გვასალიასა და მადონას ერთობლივი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინტერვიუში კი გურამ გვასალიამ აღნიშნა, რომ ბოლო 5 თვეა, მადონას სამომავლო ტურნესთვის სამოსს თავად ქმნის. გურამის თქმით, მომღერალთან მუშაობა მისთვის დიდი პრივილეგია და პატივია. "ვფიქრობ, რომ მადონასთან მუშაობა გარკვეულ აღიარებას მომიტანს", — ამბობს ქართველი დიზაინერი.

New York Times-ის ჟურნალისტის, ვანესა ფრიდმანის შეფასებით, Vetements-ის ახალმა კოლექციამ და მადონასთან მუშაობამ გურამ გვასალია ძმის ჩრდილიდან შეიძლება საბოლოოდ გამოიყვანოს. ინტერვიუში ქართველმა დიზაინერმა ძმასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

"ჩემი ძმა ჩემზე 6 წლით უფროსია. როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. გარკვეული შესაძლებლობები მან ცხოვრებაში უფრო ადრე მიიღო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მასზე გაცილებით წინ ვარ", — ამბობს გურამ გვასალია დემნას შესახებ.

შეგახსენებთ, რომ Vetements დემნამ და გურამ გვასალიამ 2013 წელს დააარსეს. ბრენდმა წარმატებას მალევე მიაღწია და პოპულარულიც გახდა, თუმცა დემნამ 2019 წელს Vetements დატოვა და განაცხადა, რომ Vetements-ში თავისი მისია უკვე შეასრულა. ამის შემდეგ დემნამ კარიერული მოღვაწეობა ბალენსიაგაში გააგრძელა, მედია კი ძმებს შორის უთანხმოებაზე დიდხანს ლაპარაკობდა.