ფინეთში და ფინეთის გავლით შენგენის ზონის სხვა ნაწილში რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში შევიდა.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გამკაცრებული ზომები ეხება საქმიან მოგზაურობას, რომელიც მხოლოდ ფინეთში იქნება დაშვებული. სხვა ქვეყნებში ტრანზიტი აკრძალულია.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი მიზეზები პირადი საქმიანი მოგზაურობისთვის.
ამასთან, რუსებს, რომლებიც ფინეთში უძრავ ქონებას ფლობენ, უნდა ჰქონდეთ საფუძველი ფინეთში ყოფნისთვის.
შეზღუდვების თანახმად, რუსეთიდან ფინეთში ჩასულ სტუდენტებს შეეძლებათ ჩაერთონ სწავლაში, რომლის მიზანი ხარისხის მიღებაა ან გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.