ესპანელი მაშველები კანარის კუნძულების მახლობლად დაკარგულ ნავს ეძებენ. ნავზე სულ მცირე 200 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ნავი სენეგალის სანაპირო ქალაქ კაფონტინიდან 27 ივნისს გავიდა და კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ცნობით, ნავზე ბევრი ბავშვი იმყოფებოდა.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ დაკარგულია კიდევ ორი ნავი, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. მათ შესახებ ცოტა დეტალია ცნობილი. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ნავის ბორტზე დაახლოებით 65, მეორეზე კი 60-მდე ადამიანია. ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში თვითმფრინავი ჩაერთო.