ფორმულა 1-ში 2023 წლის სეზონის მეათე რბოლა კვლავ „რედ ბულის“ გამარჯვებით დასრულდა. დიდ ბრიტანეთში, სილვერსტოუნის ტრასაზე პირველობა ავსტრიული გუნდის ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რბოლას პირველი პოზიციიდან იწყებდა, თუმცა სტარტი ჩაუვარდა და მას „მაკლარენის“ პილოტმა, ლანდო ნორისმა გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის გრანპრის წინ ბრიტანულმა გუნდმა საკუთარ ბოლიდზე განახლებები დააყენა, რამაც გაამართლა და „მაკლარენი“ ძალიან სწრაფი იყო. რბოლის სტარტზე მესამე პოზიციაზე ამ გუნდის კიდევ ერთი პილოტი, ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი იდგა.
მაქს ფერსტაპენმა ლიდერობა მეხუთე წრეზე დაიბრუნა და ამის შემდეგ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებია. 33-ე წრეზე „ჰაასის“ პილოტს, კევინ მაგნუსენს ძრავი დაეწვა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამით „მერსედესმა“ ისარგებლა და პოდიუმის პოზიციაზე ლუის ჰემილტონი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ბრიტანეთის გრანპრიზე საუკეთესო სამეულში მაქს ფერსტაპენი, ლანდო ნორისი („მაკლარენი“) და ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) შევიდნენ.
„რედ ბულისთვის“ ეს გამარჯვება მიმდინარე სეზონში მეათეა. გუნდმა 2023 წელს გამართული ყველა რბოლის მოგება შეძლო. რვაჯერ პირველ ადგილზე ფერსტაპენი გავიდა, ხოლო ორჯერ – სერხიო პერესი. უშუალოდ ნიდერლანდელისთვის კი ეს გამარჯვება კარიერაში 43-ე იყო.