სუდანის ქალაქ ომდურმანში ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი სუდანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ (RSF) განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია სახლები და დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.
„„სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ გმობენ უდანაშაულო მოქალაქეების დაბომბვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სუდანის შეიარაღებულ ძალებში“ (SAF) კი აცხადებენ, რომ ომდურმანში ოპერაცია ჩაატარეს, რამდენიმე მეამბოხის ლიკვიდაცია განახორციელეს და საბრძოლო მანქანები გაანადგურეს.
შეგახსენებთ, სუდანის შეიარაღებულ ძალებსა (SAF) და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის შეტაკებები აპრილში დაიწყო, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.