კომპანია Twitter-ი სოციალური მედიის გიგანტს Meta-ს ახალი კონკურენტი ტექსტური აპლიკაციის, Threads-ის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგისადმი მიწერილ წერილში Twitter-ის იურიდიული წარმომადგენელი, ალექს სპირო Threads-ს ტექსტური აპლიკაციის „ასლის“ შესაქმნელად Twitter-ის თანამშრომლების დაქირავებასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.
Meta-ს წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა სპიროს ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ „Threads-ის გუნდში არავინ არის Twitter-ის ყოფილი თანამშრომელი“.
შეგახსენებთ, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ ახალი აპლიკაცია - Threads-ი შექმნა. აპლიკაცია ჩაშვებიდან 24 საათში ათობით მილიონმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა.