ამერიკელი მომღერალი ოლივია როდრიგო რამდენიმე დღის წინ ახალი სინგლით დაბრუნდა. სიმღერა, სახელწოდებით ვამპირი, მუსიკოსის რიგით მეორე ალბომიდანაა. როდრიგომ განაცხადა, რომ კომპოზიცია "დაბნეულობასა და გულისტკენაზეა" და ის "სინანულისა და ბრაზისგან" გათავისუფლებაში დაეხმარა.
ასეთი აღწერისა და სიმღერის ტექსტის გათვალისწინებით, მომღერლის ფანებმა თავიდან იფიქრეს, რომ ვამპირი როდრიგოს ყოფილ პარტნიორს, ადამ ფეიზს, უკავშირდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მუსიკოსთან დაახლოებულმა წყარომ ეს ხმები უარყო, ინტერნეტმომხმარებლებმა დაასკვნეს, რომ სიმღერა, არც მეტი, არც ნაკლები, ტეილორ სვიფტს ეძღვნებოდა.
"ბოდიში, მაგრამ ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სიმღერაში ნახსენები სისხლისმსმელი ვამპირი ტეილორ სვიფტი არაა. თუმცა, ისეა გამოყვანილი, თითქოს ბიჭზე მღერის", — წერს ტვიტერზე ერთ-ერთი მათგანი.