სალვადორის ყოფილ პრეზიდენტს, მაურისიო ფუნესს გადასახადებისგან თავის არიდების გამო 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სალვადორის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ფუნესი ამჟამად ნიკარაგუაში ცხოვრობს და ნიკარაგუის მოქალაქეა, ნიკარაგუა კი თავისი მოქალაქეების ექსტრადიციაზე უარს აცხადებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფუნესი, რომელიც დამნაშავედ ცნეს დაახლოებით 85 000 აშშ დოლარის ოდენობის გადასახადების თავიდან არიდებაში, ვალდებულია, ჯარიმის სახით 200 000 აშშ დოლარზე მეტი გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ყოფილ პრეზიდენტს კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაურისიო ფუნესს სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკავა. ნიკარაგუას მოქალაქეობა მან 2019 წელს მიიღო.