ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 18-ჯერ გაზარდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, „ყაზტრანსოილმა“ თენგიზის საბადოდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაქაჩვა 347 ათას ტონამდე გაზარდა. მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში თენგიზის საბადოდან ბთჯ-ის მილსადენის მიმართულებით საექსპორტოდ სულ 19 ათასი ტონა ნავთობი გაიგზავნა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა, მარშრუტების დივესიფიკაციის ფარგლებში, მთავრობას ჯერ კიდევ 2022 წელს დაავალა, ნავთობის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური დერეფნის გავლით გაზარდოს. ამ ინსტრუქციის თანახმად, ნაციონალურმა კომპანია „ყაზმუნაიგაზმა”და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის მილსადენის მიმართულებით წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ბთჯ-ის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება. 2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტმა 225 მილიონ ბარელზე მეტი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 12,6%-ით მეტია.
„ყაზტრანსოილი" მაგისტრალური ნავთობსადენების ეროვნული ოპერატორია და ნაციონალური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ჯგუფში შედის. ის 5,4 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენების დივერსიფიცირებულ ქსელს ფლობს, ნავთობის ტრანსპორტირებას კი ყაზახეთის გადამამუშავებელ ქარხნებში და ექსპორტისთვის ახორციელებს.