უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმია აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას აგრძელებს, ამასთან, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით. მათივე ცნობით, რუსები ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით აგრძელებენ. ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა.
გენშტაბის განცხადებით, ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ძალების განდევნას დაკავებული პოზიციებიდან ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკის რაიონში, ხოლო ავდიივკას მიმართულებით წარუმატებელი შეტევა განახორციელეს.