სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს დაიბადა ნიუ-იორკში. ფორტეპიანოზე დაკვრა მომავალმა მუსიკოსმა, რომელმაც Queen-ის ცნობილი ჰიტის Radio Ga Ga-ს წყალობით შეიძინა ფსევდონიმი, 4 წლის ასაკში ისწავლა, 13 წლისამ კი, პირველი კომპოზიცია შექმნა, რომელიც იმდენად სრულყოფილი და მუსიკალურად გამართული აღმოჩნდა, მშობლებს დაჯერებაც კი გაუჭირდათ, რომ სახლში ნამდვილი კომპოზიტორი ეზრდებოდათ.
პრესტიჟული სკოლის Convent of the Sacred Heart-ის დასრულების შემდეგ, სადაც კეროლაინ კენედისა და პერის ჰილტონთან ერთად სწავლობდა, სტეფანიმ ნიუ-იორკში, Tisch School of the Arts-ის კოლეჯში ჩააბარა და საუკეთესო სტუდენტთა ოცეულში მოხვდა, თუმცა ვერც სასწავლებლის განრიგს მოერგო, ვერც თანატოლებს, რომლებიც სპეციფიური გარეგნობის გამო დასცინოდნენ და 19 წლისამ საბოლოოდ თქვა უარი სწავლაზე, თუმცა არ დაივიწყა საყვარელი საქმიანობა და დამოუკიდებლად შეუდგა მუსიკალურ კარიერაზე ზრუნვას.
2010 წელს ლედი გაგამ ალბომი The Fame Monster შეთავაზა პუბლიკას. მართალია, ახალმა ნამუშევარმა მხოლოდ რვა თრეკი გააერთიანა, თუმცა ამერიკასა და ბრიტანეთში ე.წ. დელუქს-ვერსიით გამოვიდა მუსიკოსის სადებიუტო დისკთან The Fame-თან ერთად, რომელშიც ახალი არანჟირებით გაჟღერდა ძველი კომპოზიციები.
კრიტიკოსები აღფრთოვანებით შეხვდნენ მუსიკოსის ახალ ალბომს. მეტიც, სრული და საოცრად თვითმყოფადი ნამუშევარი ბევრისთვის დამოუკიდებელ ნაწარმოებად იქცა და ბევრად საინტერესო აღმოჩნდა ბონუსად ქცეული სადებიუტო ალბომის გარეშე. სხვათა შორის, სწორედ მუსიკათმცოდნეების დადებითმა შეფასებამ გადააწყვეტინა გაგას მასშტაბური ტურნეს მოწყობა, რომელმაც The Monster Ball Tour-ს სახელი შეიძინა, 2010 წელს აიღო სტარტი და მთელი წელი გაგრძელდა.
მართალია, მესამე ალბომისთვის Artpop-თვის მუსიკოსმა 90 კომპოზიცია ჩაწერა, მაგრამ ნაკრებში მხოლოდ 15 სიმღერა მოხვდა, თუმცა სულ რაღაც ერთ კვირაში გაიყიდა 258 ათას ეგზემპლარად და პირველი პოზიციიდან აიღო სტარტი Billboard 200-ის ჩარტში. წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, ახალი ალბომით ნაკლებად მოიხიბლნენ კრიტიკოსები, რომელთაც მათივე განცხადებით ‘’მხოლოდ ქაოსის შეგრძნება დარჩათ, რადგან ძალიან გაუჭირდათ ალბომის საერთო კონცეფციის მოძიება“. ბევრად ლოიალური აღმოჩნდნენ მელომანები, რომლებიც ერთიანად მიაწყდნენ მუსიკალურ მაღაზიებს, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ალბომი 2,3-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 2013 წლის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ალბომად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში მუსიკოსმა თითქმის 60 მილიონი სინგლი, 3 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა და ორჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში.
დაუვიწყარ სანახაობად აქცია გაგამ 2010 წლის MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ე.წ. ‘’ხორცის კაბაში’’ გამოწყობილი ესტუმრა. გაოგნებულმა პუბლიკამ არაერთგვაროვნად შეაფასა მუსიკოსის მორიგი ექსტრავაგანტური გამოხდომა, რადგან ზოგისთვის ორიგინალური კოსტიუმი საინტერესო და ეფექტური, ზოგისთვის კი პირიქით, შოკისმომგვრელი და მიუღებელი აღმოჩნდა. სხვათა შორის, კაბა, რომელიც დღემდე ლას-ვეგასის ერთ-ერთ მუზეუმშია გამოფენილი, შესანიშნავად შემოინახა ტაქსიდერმიტების წყალობით და 11 წლის შემდეგაც საოცრად შთამბეჭდავად გამოიყურება.
2010 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა გაგასთვის, რადგან არა მხოლოდ MTV-ის რეკორდი დაამყარა რვა ნომინაციაში გამარჯვებით, არამედ პირველი მუსიკოსი გახდა, ვისი კლიპებიც მილიარდზე მეტმა მელომანმა ნახა YouTube-ის ვიდეოჰოსთინგში.
მუსიკალური კარიერის პარალელურად გაგამ საინტერესო ნამუშევრები შექმნა კინოშიც. მართალია, სადებიუტო ფილმმა - რობერტ როდრიგესის ბოევიკმა ‘’მაჩეტე კლავს’’ ნაკლებად გაამართლა, რადგან ვერც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ვერც გაწეული ხარჯი აანაზღაურა, თავად გაგა კი, „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტი გახდა, მაგრამ 2016 წელს, მინი-სერიალის „ამერიკულ საშინელებათა ისტორიის“ ახალ ეპიზოდში გაგამ ‘’ოქროს გლობუსის’’ პრემიით დაუმტკიცა ყველას, რომ მარცხი შემთხვევითი იყო.
წარმატება მუსიკოსმა 2019 წელს განამტკიცა ფილმით ‘’ვარსკვლავი დაიბადა’’, როცა სწორედ მის ტრიუმფად იქცა ‘’ოსკარის’’ დაჯილდოების ცერემონია, რადგან პირველი ადამიანი გახდა აკადემიის ისტორიაში, ვინც ერთდროულად ორ, სრულიად განსხვავებულ - ქალის საუკეთესო როლისა და საუკეთესო სიმღერის ნომინაციაზე იქნა წარდგენილი. მართალია, მუსიკოსი მხოლოდ სიმღერისთვის დაჯილდოვდა, მაგრამ მისმა შემდგომმა ნამუშევრებმა, განსაკუთრებით პატრიცია რეჯანის როლმა ბიოგრაფიულ დრამაში’’ Gucci-ის სახლი’’ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაგა არა მხოლოდ საინტერესო მუსიკოსი, არამედ ნიჭიერი მსახიობია ბრწყინვალე არტისტული შესაძლებლობებით.
ლედი გაგა, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მუსიკოსად ითვლება, მეტად ხელგაშლილი ქველმოქმედია, აქტიურად ებრძვის შიდსის გავრცელებას და მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. 2010 წელს მუსიკოსმა ნიუ-იორკის Radio City Music Hall-ში გამართული კონცერტის და საკუთარი ონლაინ-მაღაზიის ერთი დღის შემოსავალი - თითქმის 500 ათასი დოლარი გადასცა მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის მოსახლეობას, 2011 წელს სპეციალური სამაჯურების გაყიდვით შეგროვილი 1,5 მილიონი გადაურიცხა ტოჰოკუს მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის ფონდს და MTV-ის საქველმოქმედო შოუს შეუერთდა, რომელიც იაპონური წითელი ჯვრის მხარდასაჭერად მოეწყო, 2012-ში კი, ამერიკულ წითელ ჯვარს უსახსოვრა მილიონი დოლარი სენდის გრიგალით დაზარალებულთა დასახმარებლად.