ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეტევა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის საპასუხოდ განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა მიწისქვეშა იარაღის ქარხანა დაბომბეს, რომელსაც დაჯგუფება „ჰამასის“ ქიმიური მიმართულების დანაყოფი რაკეტის კომპონენტების დასამუშავებლად იყენებდა.
პალესტინური მედიის ცნობით კი, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები დაბომბეს.
ავიაიერიშების შედეგად, რამდენიმე სახლი დანგრეულია. მანამდე, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ღაზას სექტორიდან ნასროლი ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.