გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილი გერმანიაში თავის აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად იმყოფებოდა და მიუნხენის „ბაიერნთან“ მოლაპარაკებას აწარმოებდა. Sport Bild-ი, Sky Sports-ი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აცხადებენ, რომ „ვალენსიას“ 22 წლის მეკარემ „ბაიერნის“ ინტერესი მიიპყრო.
Bild-ის ინფორმაციით, გერმანული ფეხბურთის გრანდმა, საქართველოს ნაკრების მეკარე პოტენციურ ახალწვეულთა სიაში შეიყვანა. ამავე ცნობით, ფეხბურთელის მენეჯერსა და „ბაიერნის“ ტექნიკურ დირექტორს, მარკო ნეპეს შორის კონტაქტიც შედგა. Sky ასევე იტყობინება მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არის.
აღსანიშნავია, რომ ბაიერნს ოთხი მეკარე ჰყავს – ესენი არიან მანუელ ნოიერი, იან ზომერი, სვენ ულრაიხი და ალექსანდრ ნუბელი. ზომერისა და ნუბელის მომავალი არ არის გარკვეველი, რადგან ნოიერი, ფეხის სერიოზული ტრავმის შემდეგ პირველ ნომრად დაბრუნდება. ასევე ბაიერნიდან წასვლა ნუბელსაც სურს.
Sky-ის ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა დაადასტურა, რომ „რეკორდმაისტერს“ ქართველი სიაში ნამდვილად ჰყავს და გერმანელები მასში სამომავლოდ დიდ პოტენციალს ხედავენ.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი 2022 წლის იანვარში „თბილისის დინამოდან“ „ვალენსიაში“გადავიდა, სადაც 63-ჯერ ითამაშა – მისი კონტრაქტი 2027 წლამდე არის ძალაში. ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ახალგაზრდა მეკარით ინგლისისა და იტალიის კლუბებიც დაინტერესდნენ.