თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ექსპლუატაციის სტატუსის არმქონე შენობებში ცხოვრობენ, მიმდინარე თვის 27 რიცხვამდე შეუძლიათ მერიას მიმართონ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ და ექსპლუატაციაში მიღება მოითხოვონ. როგორც კახა კალაძემ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2 წლის წინ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, შენობებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა ავტოსადგომების რაოდენობასთან, სიმაღლის რეგულირებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული დარღვევები აქვთ, ექსპლუატაციაში მაინც მიიღებენ, თუმცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის არსებობის საფუძველზე, რომ ისინი უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ. კახა კალაძის თქმით, კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ, ექსპლუატაციის სტატუსი 400-მდე შენობას მიენიჭა და 700-მდე ობიექტის საქმე ახლაც განიხილება.