ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ალიანსის წევრი ქვეყნები სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელებაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ოფიციალურად სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ. მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატო-ს წევრებს მოქმედი გენერალური მდივნის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება სურდათ.
სტოლტენბერგმა თებერვალში განაცხადა, რომ არ სურდა კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სტოლტენბერგის შემცვლელზე, მას გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვეს.