საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. ფრანგული მედიის ცნობით, ივნისის ბოლოს პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული მასობრივი არეულობის ტალღაში მონაწილე პირების წინააღმდეგ პირველი განაჩენი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გამოიტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთი მათგანი სასამართლოს დარბაზიდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს. სამ ადამიანს კი შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრეს.
სასამართლომ ჯამში 30 ადამიანის საქმე განიხილა. ყველა მათგანი პირველი ივლისის ღამეს მოროდიორობის ფაქტზე დააკავეს. მათ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და ელექტროტექნიკის მოპარვაში ედებოდათ ბრალი.