მაქს ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მე-3 ტიტულისკენ მიდის და სავარაუდოდ, ამ სეზონში მას ვერავინ შეაჩერებს. ნიდერლანდელმა პილოტმა ავსტრიაშიც მოიგო და წელს მე-7, საერთო ჯამში კი 42-ე გამარჯვება იზეიმა - ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ ბრაზილიელ მრბოლელს, აირტონ სენას გაასწრო.
ბოლო წრემდე მაქს ფერსტაპენი მეორე ადგილზე მყოფ შარლ ლეკლერს თითქმის 24 წამით სჯობნიდა, მაგრამ 25 წლის პილოტმა პიტ სტოპში შესვლა გადაწყვიტა - მას ყველაზე სწრაფი წრის დაფიქსირება სურდა, რომელიც სერხიო პერესს ეკუთვნოდა. საბოლოო ჯამში, მაქსმა ესეც მოახერხა, მეტოქეს 5.155 წამით აჯობა და ავსტრიის გრან პრი უპრობლემოდ მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ 7 მაისის შემდეგ პირველად ფერტსაპენმა რამდენიმე წრე პირველი პოზიცია დაკარგა, მაგრამ ლიდერობა მალევე დაიბრუნა.
მეორე ადგილზე შარლ ლეკლერი გავიდა, ავსტრიის გრან პრიზე კი დუბლი რედ ბულმა შეასრულა, რადგან მე-3 პოზიცია სერხიო პერესს ერგო - მექსიკელმა რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო და პოდიუმზე მაინც ავიდა. ტრასიდან გადასვლის გამო რბოლის შემდეგ პილოტები დააჯარიმეს, რამაც საუკეთესო ათეულში საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია - კარლოს საინსმა მე-4 ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. მე-4 და მე-5 ადგილები შესაბამისად, ლანდო ნორისმა და ფერნანდო ალონსომ დაიკავეს. ჰემილტონი მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდა და მას ჯორჯ რასელმა გაასწრო. პიერ გასლი კი ლენს სტროლის უკან, მე-10 ადგილზე აღმოჩნდა.