4 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მესამე შეხვედრაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. იტალიასთან შეხვედრა თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება. არგენტინის მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – თამაშს ტრავმის გამო ნიკა ბაბუნაშვილი გამოტოვებს, მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბასა ხონელიძე ითამაშებს, მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ნიკოლაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყო, არგენტინასთან მას არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან ანგარიშით 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი არგენტინის ნაკრებს „მშრალი“ ანგარიშით, 20:0 მოუგო.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი 5-8 ადგილებისთვის ითამაშებენ, ერთი უარესი მესამეადგილოსანი და ბოლოადგილოსნები კი 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.