UFC-ის მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება. „ქართველი ვიკინგი“ ელვეს ბრენერს დაუპირისპირდა და ტრადიციულად, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, აწონვის ცერემონია გაიმართა.
გურამმა და ბრენერმა წონა ჩააბარეს და ბრძოლას ჩაშლა არ ემუქრება. პირველი სასწორზე ბრაზილიელი მებრძოლი გავიდა - 70.3 კილოგრამი დააფიქსირა. იგივე წონა ჰქონდა ქუთათელაძეს და „ქართველი ვიკინგის“ დაბრუნებამდე საათებია დარჩენილი.
„ქართველი ვიკინგის“ მეტოქეს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვება 14-ჯერ იზეიმა. ბრენერი გრეპლერია და პარტერში ძალიან სახიფათოა. 14 მოგებიდან მან 11-ჯერ მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით იმარჯვა, ერთხელ ნოკაუტით მოიგო, ორჯერ კი - მსაჯების გადაწყვეტილებით. ბრაზილიელს UFC-ში 1 ბრძოლა აქვს გამართული და ზუბაირა ტუხუგოვს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.
შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 12 მოგება და 3 მარცხი აქვს. UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველს ბოლოს ჯეიმი მალარკის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლას ვიზის პრობლემების გამო ჩაეხსნა.