საფრანგეთში, პოლიციელის მიერ მოკლული 17-წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციასთან შეტაკებების დროს დაკავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია, მათ შორის 470 აქტივისტი გასულ ღამეს დააკავეს. BBC-ის ცნობით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე დაპირისპირებები ქალაქ მარსელში იყო. საფრანგეთში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.“