საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. საგამოცდო ცენტრები აპლიკანტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგამოცდო სივრცე დაათვალიერებინა და ის პროცედურები გააცნო, რომელიც 2023 წლის გამოცდებზე იმოქმედებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აპლიკანტებს გამოცდაზე დროულად მისვლისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დაგვიანებული აბიტურიენტები რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვებიან. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის სულ 75 000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია.