ჩვევაში აქვთ გადასული ის, რომ არცერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ და პირიქით, უნდა გაღიზიანდნენ ნებისმიერი წარმატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.
კობახიძის თქმით, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველაფერი აღიზიანებთ და ჩვევაში გადაუვიდათ.
„ის, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას არ გულშემატკივრობენ, ეს დიდი ხანია ვიცით. პრემიერმა, როდესაც ჩვენს ფეხბურთელებს ის წარმატება მიულოცა, ¼ ფინალში გასვლა, ტაში არ დაუკრეს რადიკალებმა. კარგი ეკონომიკური ზრდა გწყინს, სხვა სფეროებში წარმატება გწყინს, ფეხბურთელებს, როგორ არ შეიძლება წარმატება ტაშით არ მიულოცო. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველაფერი აღიზიანებთ, ჩვევებში გადაუვიდათ უკვე. რომ დადიხარ და დერეფნებში ითხოვ შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას, მერე ჩვევაში გადაგდის. ჩვევაში აქვთ გადასული ის, რომ არცერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ და პირიქით, უნდა გაღიზიანდნენ ნებისმიერი წარმატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა კობახიძემ.