ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის არ მჯერა, ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს უპასუხა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო”.
ირაკლი ზარქუამ მოუწოდა არმაზ ახვლედიანს, მოისმინოს მისი კოლეგების აგრესიული გამოსვლები პარლამენტში და შემდეგ შეაფასოს უმრავლესობის წევრების პასუხები.
„ბატონო არმაზ, იქნებ ბოლომდე დარჩეთ და მოუსმინოთ კოლეგებს, როგორი გამოსვლები ექნებათ, რა აგრესია და შესაბამისად, იქნება შემდეგ პასუხიც უმრავლესობიდან. ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა. ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. დეპოლარიზაცია გვინდოდა და ნულ პროცენტიანი ბარიერი გავაკეთეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა გთხოვთ, არ დატოვოთ დარბაზი და მოუსმინეთ თქვენს კოლეგებს ოპოზიციიდან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.