ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომას ითხოვს.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც თანასწორობის პრინციპს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება, დისკრიმინაციულია და ძალადობას აღვივებს.
მესამე სექტორს მიაჩნია, რომ ნინო წილოსანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, პროფესიულ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს და ამასთან, გენდერული თანასწორობის იდეას ბოროტად და არამართებულად იყენებს.
„ჩვენთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას; ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, ნინო წილოსანი უპირატესობას პარტიულ ინტერესებს ანიჭებს. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილ რამდენიმე ფაქტს ახლო წარსულიდან:ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროების ჩადენა.ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის მარგინალიზაცია და დევნა იყო. გასული წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.ამა წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, კერძოდ, მან განაცხადა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს.” აქვე შეგახსენებთ ოდიშარიას ციტატას: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში”.ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია. შესაბამისად, ნინო წილოსანს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან, მივიჩნევთ, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არსებითია მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ადამიანი, ვინც არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერს: „ქალთა მოძრაობა“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“; „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო“; „ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა)“; „თბილისი პრაიდი“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“; „თანასწორობის მოძრაობა“; „ქალთა ფონდი საქართველოში“; „ქალები საქართველოდან“; „საფარი“; „რაჭის სათემო ორგანიზაცია“; „ახალგაზრდა ფემინისტები“; „GrlzWave“; „ფემინა“; „ღია სივრცე კავკასია“; „ქალი და განვითარება“; „ფემინისტური ინიციატივების ფონდი“; „მწვანე ალტერნატივა“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)“.