გასულ წელთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა. მიმდინარე წლის მაისში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5 ლარი და 76 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მართალია მაისში აპრილთან შედარებით ხაჭაპურის მომზადების ინდექსი 4.1%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში, ანუ გასული წლის მაისთან შედარებით, 1.9%-ით გაიზარდა. საშუალო ფასების გათვალისწინებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმში ღირს, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 6 ლარსა 43 თეთრს შეადგენს, რაც 12%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თბილისშიც 8.7%-ით.
აღსანიშნავია, რომ ხაჭაპური ყველაზე იაფი ქუთაისშია, სადაც ერთი საშუალო ხაჭაპური 4 ლარი 81 თეთრი ღირს, ანუ 1 ლარითა 52 თეთრით ნაკლები, ვიდრე ბათუმში. სხვათა შორის თვის ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის კლება ყველაზე მეტად ქუთაისში დაფიქსირდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ინდექსის კლების ტენდენცია ნედლი რძის ტრადიციულ სეზონს უკავშირდება. ტრადიციულად ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები რძის პროდუქტებზე მცირდება.