ზურიკო დავითაშვილი ბორდოს ფეხბურთელია. საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბმა 22 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო ბორდოში 2022/23 წლების სეზონის წინ, დინამო ბათუმიდან იჯარით გადავიდა. ხელშეკრულება ბორდოს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის ტრასნფერის გამოსყიდვის შესაძლებლობას აძლევდა. ფრანგულმა კლუბმა სწორედ ამ ოპციით ისარგებლა.
ზურიკომ ჟირონდელთა მაისურით ყველა ტურნირის (ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე) 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. აღანიშნავია, რომ ზურიკომ ლიგა 1-ში აღზევებისთვის მებრძოლ ჟირონდელებს შედეგიანი მოქმედებებით ჩემპიონატის ბოლო ტურებში, დიჟონთან (2:1), სოშოსა (2:1) და ლავალთან (3:0) მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმარა. სამწუხაროდ, ბორდომ დაწინაურება ვერ შეძლო და 2023/24 წლები სეზონშიც ლიგა 2-ში ითამაშებს.
დავითაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრების 26 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, ამჟამად ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპოიონატზე ეხმარება. ზურიკომ A ჯგუფის სამივე მატჩში ითამაშა, ბოლო ტურში ნიდერლანდებთან მნიშვნელოვან შეხვედრაში კი ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდი ტურნირის 1/4-ფინალში ჯგუფში პირველი ადგილით გაიყვანა.