მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ამბობს, რომ შიმშილის თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებდა. მისი თქმით, ის წარმატება, რაც ცოტა ხნით ადრე გამოსულ მსგავს საგას, ბინდს ჰქონდა, აშინებდა, რადგან მსგავსი პოპულარობა არასოდეს სდომებია.
"ქეთნისის როლზე ლამის უარი ვთქვი, რადგან იმ პერიოდში გამოსული ბინდი მალევე ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანებს არ ესმოდათ, რატომ ვყოყმანობდი, მათთვის მიზეზების ახსნა ძალიან რთული იყო. ვფიქრობდი, რომ შიმშილის თამაშებიც ბინდივით პოპულარული გახდებოდა, მე კი მასეთი ცხოვრება არ მდომებია. მინდოდა, კერძო კომპანიებთან მეთანამშრომლა და არა დიდ კინოსტუდიებთან. მინდოდა, კარგ ფილმებში მეთამაშა, მაგრამ არასოდეს მდომებია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი ვყოფილიყავი", — აღნიშნავს ლოურენსი.
მსახიობის თქმით, ალბათ, თავს საშინლად იგრძნობდა, მის პირად ცხოვრებაში ისევე რომ ჩარეულიყვნენ, როგორც ეს ბინდის მსახიობების, კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის შემთხვევაში მოხდა, როცა მათ პაპარაცები ყველგან დაჰყვებოდნენ. პატინსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ამის გამო ბინდის გადაღებების პერიოდიდან ძალიან ტრავმული მოგონებები აქვს.
შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც ავტორმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ცნობილი დისტოპიური საგის ეკრანიზაცია 2012 წელს გამოვიდა და მაყურებლის გული მალევე დაიპყრო.