საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქტივისტები პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას აპროტესტებენ. დემონსტრაციები ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
პარიზში მომიტინგეები პოლიციის შენობებს პიროტექნიკით დაესხნენ თავს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ჩრდილოეთ ქალაქ ლილშიც. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მონს-ენ-ბარულის გარეუბნის მერიაში ადამიანები დოკუმენტებს და სკამებს წვავენ. BBC-ის ცნობით, სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა 77 დემონსტრანტი დააკავეს. მოზარდი, სახელად ნაჰელი, პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა, ავტომობილი შუქნიშანთან არ გააჩერა და მგზავრობა გააგრძელა, რის შემდეგადაც სამართალდამცავმა მას იარაღიდან ესროლა.
მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არასრულწლოვნისთვის ცეცხლის გახსნა "უპატიებელია".