აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, CNN-ის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია ამბოხის მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“.
„ის აგებს ომს თავის ქვეყანაში. ის გახდა გარიყული მთელი მსოფლიოს მიერ და ეს არ არის მხოლოდ ნატო, არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც" , - დასძინა ბაიდენმა.
კითხვაზე, არის თუ არა პუტინი სუსტი დღეს გასულ კვირასთან შედარებით, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა”.
მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულს შტატებს და მისი უახლოეს მოკავშირეებს „ვაგნერის“ აჯანყებასთან კავშირი არ აქვთ.