ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში და ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, იწვევს სწორედ ასეთ ფაქტებს , - ასე ეხმაურება „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ეს არ არის ძალადობის პირველი ფაქტი და არც შემთხვევითი არაა.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალიან შევშფოთდი ამ ფაქტის გამო, მეც ახლახან შევიტყვე. სოლიდარობა მიშას და ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის მსხვერპლი ხდება. ეს არ არის შემთხვევითი, ცხადია გამოძიება უნდა ჩატარდეს და დეტალურად გაირკვეს, რა მოხდა და რატომ. ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში და ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს იწვევს სწორედ ასეთ ფაქტებს. დღესაც პარლამენტში ისმოდა ერთის მხრივ ძალადობრივი რიტორიკა და მეორე მხრივ, წაქეზება და ამ რიტორიკის პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოწოდება. ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხარო და მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ეს გააკეთა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც თავისი როლით და არსით უნდა ებრძოდეს ტოქსიკური მასკულინობის გამოვლინებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ის არ დაუშვებს, მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს იგი პრორუსულ ძალას წარმოადგენს და ვინც „ქართული ოცნების“ წევრებს პრორუსს დაუძახებს „ცხვირ-პირში მიიღებს“.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუკი „ოცნების“ წევრებს არ მოსწონთ, რასაც ეძახიან, მაშინ თავის ქმედებებზე უნდა დაფიქრდნენ.
„ძალადობა არ არის არასდროს გამართლებული და ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება. მით უმეტეს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება. მათ თუკი არ მოსწონთ ის, რასაც ეძახიან, უნდა იფიქრონ თავის ქმედებებზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც დაიმსახურეს ეს იარლიყი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.