ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.
"უცნობი პირი დამესხა თავს "კარფურის" შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.
შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ, გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი, "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" , თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს მშვილდაძე, რომლის კომენტარსაც "ფორმულა" ავრცელებს.