მსოფლიო რესურსების ინსტიტუტისა და მერილენდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად მსოფლიოში ტყეების განადგურება სულ უფრო ინტენსიური ხდება. კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა, რაც შვეიცარიის ფართობს აღემატება. ექსპერტების შეფასებით, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს ტყეების გაჩეხვა მსოფლიოში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. მათი თქმით, განსაკუთრებით რთული მდოგმარეობა ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებშია, სადაც ყოველ ერთ წუთში დაახლოებით 11 ფეხბურთის მოედნის ზომის ტყის მასივი ნადგურდება. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი მსოფლიო ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების დამაზიანებელი შედეგების შემცირება მოხდეს.