ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა.
მოსამართლის განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოთქმის გამო, ის წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია.
ბექა გრიგორიადისს პროტესტის ნიშნად, პირი და ცალი თვალი აქვს ამოკერილი. სასამართლოსთან შეკრებილი არიან ბექა და ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები.
ცნობისთვის, ბექა გრიგორიადისმა 3 ივნისს, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტი გააჟღერა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.