"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურეს.
32 წლის ფეხბურთელი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გერმანიის ნაკრების მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა გიუნდოგანმა "ქალაქელებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
ილქაი "სიტის" 2016 წელს "დორტმუნდიდან" შეუერთდა. გიუნდოგანმა ამ პერიოდის განმავლობაში გვარდიოლას გუნდის რიგებში 304 მატჩი ჩაატარა და თავი 60 გატანილი გოლით გამოიჩინა.