მეცნიერებმა მექსიკის კამპეჩეს შტატში მდებარე ბალამკუს არქეოლოგიურ ზონაში მაიას ცივილიზაციის ქალაქის ნანგრევებს მიაკვლიეს. ეს დასახლება, რომელსაც ოკომტუნი ეწოდება, 15 მეტრი სიმაღლის მქონე პირამიდულ სტრუქტურებსაც მოიცავს.
ქალაქი, რომელიც სპეციალისტებმა ლაზერული სკანირების, LiDAR-ის ტექნოლოგიის მეშვეობით დააფიქსირეს, შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული და ჭაობებითაა გარემოცული. არქეოლოგები ამბობენ, რომ მთავარი მონუმენტური ნაწილი 50 ჰექტარზე მერ ფართობზე ვრცელდება და დიდი ნაგებობებისგან, ასევე პირამიდებისგან შედგება.
სახელი ოკომტუნი მაიას ენაზე "ქვის სვეტს" ნიშნავს. ამგვარი სვეტები იქ მრავლადაა და, სავარაუდოდ, შენობების ზედა სართულებზე შესასვლელების ნაწილი იყო. ქალაქთან ახლოს სამი მოედანია, რომელთა მიმდებარედაც კონცენტრირებულ წრეებზე განლაგებული მაღალი ნაგებობები და შიდა ეზოა.
იმავე პროექტის ფარგლებში ოკომტუნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 36 და 50 კილომეტრში, კიდევ ორი დასახლება აღმოაჩინეს.
"ეს ადგილი რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვანი ცენტრის ფუნქციას ასრულებდა, სავარაუდოდ კლასიკურ პერიოდში (250-1000 წლები). კერამიკული ნიმუშების უმეტესობა, რომლებიც ზედაპირზე შევაგროვეთ, გვიან კლასიკურ პერიოდს მიეკუთვნება (600-800 წლები). ამის მიუხედავად, მათი ანალიზი თარიღის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს", — აცხადებენ მეცნიერები.არქეოლოგები ზემოხსენებული არეალის გამოკვლევას განაგრძობენ.