გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე, ნანა შამათავამ გამოაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა სერგო შუბითიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმალვას არ აპირებს. შუბითიძე ბრალს აღიარებს.
სერგო შუბითიძე 25 აგვისტოს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმეზე მორიგი წინა სასართლო სხდომა 17 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.