ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. იგივე ქმედებას თუ ჯგუფურად, სჯააროდ, არა ერთხელ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან რამდენიმე ცხოველის მიმართ ჩაიდენენ დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა, სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე. პროექტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა იმუშავეს.