პარლამენტის ორმა კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის დროს კანდიდატების მხარდასაჭერად ხელი მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ბექა ლილუაშვილმა და რომან გოცირიძემ აწიეს. დიმიტრი ჯაფარიძისა და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურას მმართველმა პარტიამ იმის გამო არ დაუჭირა მხარი, რომ სალომე ზურაბიშვოლმა მათი კანდიდატურების წარდგენამდე პარლამენტთან კონსულტაციები არ გაიარა. საპასუხოდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, კონსტიტუციიდან გამომდინარე ზურაბიშვილი არ იყო ვალდებული კანდიდატების წარდგენამდე მმარველი პარტიისგან რეკომენდაციები მიეღო. ოპოზიციის ნაწილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ორ გამოცდილ პროფესიონალს უარი უთხრეს, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ კლანს არ წარმოადგენენ.