სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწრაფი რეაგირებისთვის შემოწმების პროცესს დაიწყებს და იმავდროულად გააგზავნის შეტყობინებას სასამართლოში, რათა სასამართლომ შემოწმების მიზანშეწონილობა დაადასტუროს.
ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში შეიძლება აისახოს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდასა და ფუნქციების გაძლიერებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე მიწვეულ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შედეგად გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო.
“შემოთავაზებული რედაქციით, მარეგულირებელი სწრაფი რეაგირებისთვის შემოწმების პროცესს დაიწყებს, მაგრამ ამავდროულად აგზავნის შეტყობინებას სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლომ შემოწმების მიზანშეწონილობა დაადასტუროს.
საფუძველი შემოწმების ინიცირებისთვის იქნება პაციენტის საჩივარი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული პრობლემური შემთხვევა, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, ასევე მშობიარის, ახალშობილის გარდაცვალება, ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა.
ამასთანავე, დაზუსტდა პროცედურა რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში და ასევე, სასამართლოში 48-საათის პერიოდში მოსმენაზე ორივე მხარის მოწვევის შესაძლებლობა - ანუ ზეპირი მოსმენის ნაცვლად დაზუსტდა, რომ სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს ამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე პროცესის დროს, რათა კლინიკას მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სადავო იყო ასევე საკითხი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე, რომელიც გაიყო ორ ნაწილად: დაუყოვნებელი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, რადგან თამარ გაბუნიას თქმით, ასეთ დროს ძალიან მკაფიოა და ადვილია დარღვევის იდენტიფიცირება და სადაო ნაკლებად შეიძლება რაიმე დარჩეს.
რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს და პროგრამების დროს თანხების არამართლზომიერი განკარგვის გამო დაწესებულ სანქციებს, ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია სადავო თანხის გაყინვის მექანიზმი და შემდეგ უკვე დავა მარეგულირებელის ან სასამართლოს დონეზე და ასევე, იმ სანქცირების გამოყენება, რაც ამ ნაწილში მთავრობის დადგენილებებით არის განსაზღვრული.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.