საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში დამარცხდა. მისი ვირტუს ბოლონია მილანს ფინალური სერიის გადამწყვეტ მე-7 მატჩში სტუმრად დაუპირისპირდა და 55:67 წააგო.
ქართველი მძიმე ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.
შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, თუმცა, ამან ბოლონიელებს ვერ უშველა. საინტერესოა, რომ ვირტუსმა თამაშის პირველ მეოთხედში 9 ქულა ჩააგდო, მესამეში კი - მხოლოდ 5 (!). მილანელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო და მათ გადამწყვეტი თამაში სრულიად სამართლიანად მოიგეს. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ლუიჯი დატომე იყო 16 ქულით. მილანმა იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.