კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „სეულ ვაინ ენდ სფირით ექსპო 2023” გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თარაშ პაპასქუასთან ერთად დაესწრო. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.