საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს, ჯილ რუბის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა მიმოიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრს. განხილულ საკითხთა შორის ასევე იყო ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენის მიმართულებით.