დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლო ბრალდებულს მოუსმენს. უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საკუთარ პოზიციას სასამართლოს კიდევ ერთხელ გააცნობს. ჯანაშია არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.