პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ეს გულწრფელად მისასალმებელი ამბავია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო”, - წერს ლექსმანი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.