უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ თავდასხმებისთვის ირანული Shahed-ის დრონები გამოიყენეს. ყველა მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. მტერმა ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებზე და მძიმე ბრძოლა გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოცირების ტერიტორიებს და 6 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული “მი-24“ ტიპის ვერტმფრენი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პერსონალი და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, 13 საარტილერიო დანადგარს და მტრის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.