უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ბელარუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ.
16 ივნისს უმაღლეს რადაში დარეგისტრირებული რეზოლუციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, რეზოლუციაში რადა მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მინსკზე ზეწოლა გაზარდოს.