სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფორმაციის მმართველობამ ვერ გამოიყენა უნიკალური შანსი გამხდარიყო გამაერთიანებელი ლიდერი, პროვინციულმა მიდგომებმა იმძლავრა დიდ გამაერთიანებელ იდეაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა პარტიის ლიდერ ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც გურჯაანის სტიქიას და მის ჩართულობას ეხებოდა.
წიკლაურის თქმით, მისი მოლოდინები გამართლდა.
„საერთოდ ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, რომ რამე არ გამართლებულიყო მოლოდინებიდან, რაც მქონდა ამ ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ უნიკალური შანსი მართლა დემოკრატიული ცვლილებების და იმის, რომ გამხდარიყო რეალური გამაერთიანებელი ლიდერი ამ ფორმაციის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ ვერ გამოიყენა. პირიქით, პროვინციულმა მიდგომებმა იმძლავრა დიდ გამაერთიანებელ იდეაზე. იმპულსები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მთლიანად ოპოზიციაში, რომ გავერთიანებულიყავით საერთო მოწინააღმდეგის, მითუმეტეს, ამ ვითარებაში, როდესაც ასეთ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის თავისუფლება ან ევროპული მომავალი, ან კიდევ რუსული საბჭოთა ბნელეთი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ შეძლეს [ლიდერობა]“, - განაცხადა მან.
ამასთან, მან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი მმართველობაზე და აღნიშნა, რომ მათ საბჭოთა ლოზუნგი გამოაცხადეს.
„იდეაში გამაერთიანებელი მანდატი ახალი ფორმაციის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა იმისთვის, რომ დაეშალა პოლიტიკური საბჭო. მათ პრაქტიკულად გამოაცხადეს საბჭოთა ლოზუნგი: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“. რა თქმა უნდა, როცა ასეთი ლოზუნგით იწყებ მეხუთე დღეს შენი არჩევნებიდან შენს პოლიტიკურ პარტიულ თავმჯდომარის კარიერას, ამას შეუძლებელია კარგი შედეგები მოჰყვეს.ზუსტად ასე მოხდა მათ შემთხვევაში“, - დასძინა მან.
მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გეგმებსა და მოტივებზე ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის კონტექსტში და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დაინახა, რომ პარტია კარგავს იდეალებს.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ ერთ დროს ყველაზე ინტელექტუალური, ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული პარტია კარგავს თავის მთავარ მახასიათებლებს და იდეალებს, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ არ იყოს ამდენად დისტანცირებული, როგორც მანამდე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ცხოვრებისგან“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა განპირობებულია უფრო დიდი პოლიტიკური მოტივით, ვიდრე ერთ პოლიტიკურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები.
„ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული ლიდერი რეალურად არ ეკუთვნის საკუთარ თავსაც კი, ეს ასე არის“, - განაცხადა წიკლაურმა.