როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ლუდომანების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა იწყება. ამის შესახებ "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა" ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ინიციატორი პარლამენტია და წამოწყების მიზანი, თამაშდამოკიდებული ადამიანების აღრიცხვასთან ერთად, მათთვის ფსიქო სარეაბილიტაციო დახმარების გაწევაა.
"ჩვენ მივიღეთ ოფიციალურად წერილი პარლამენტიდან, ეს არის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარისგან, რომ იწყებს კომიტეტი მოკვლევას, ლუდომანების მდგომარეობაზე, როგორც ქალაქში, ისე რაიონებში და გვთავაზობს მუშა პროცესში ჩართვას, რომ ჩვენი მონაცემები მივაწოდოთ. ალბათ, იქნება ჯანდაცვის სექტორიც ჩართული. ერთიანი ბაზა შეიქმნება, იქნება სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზაციას ბევრი კითხვის ნიშანი გვიჩნდება, უფრო რეგიონებთან დაკავშირებით, თბილისში მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები გვყავს, მაგრამ რეგიონებში ამის ნაკლებობაა. ზოგ შემთხვევაში, ფსიქოლოგები არ არიან და ფსიქიატრები მუშაობენ, მაგრამ მათი კვალიფიკაცია ამ კონკრეტული მიმართებით არ არის საკმარისი, ამიტომ ისინი კვალიფიციურ დახმარებას ვერ გაუწევენ თამაშდამოკიდებულ ადამიანს, აქ უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის სექტორი, ძალიან ბევრი გაიდლაინები და საერთაშორისო გამოცდილებაა მისაწოდებელი, მე მაინც იმედი მაქვს, რომ რადგან დაიწყეს ამაზე ფიქრი და საუბარი, აუცილებლად მივა გარკვეულ შედეგებამდე", - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მოკვლევის დაწყება შემოდგომაზე იგეგმება.