სავარაუდოდ, პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიეს შემცვლელად ლუის ენრიკე შეარჩია. ფრანგული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკებები პარიზელებმა წარუმატებლად დაასრულეს, ისინი ესპანელ სპეციალისტს დაუკავშირდნენ. ჯერჯერობით, მხარეებს შორის 100%-იანი შეთანხმება არ არსებობს, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მაგრამ ამ ეტაპისთვის ლუის ენრიკე ძალიან ახლოსაა პსჟ-ს მწვრთნელობასთან. ესპანელი ბოლოს ესპანეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. მას ნაპოლიც იწვევდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონთან შეთანხმება არ შედგა.
ლუის ენრიკეს საკლუბო ფეხბურთში რომაში, ვიგოს სელტასა და ბარსელონაში აქვს ნამუშევარი, რომელსაც 2015 წელს ტრებლი შეასრულებინა - კატალონიურ კლუბს მან ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.